30.07.2012

კონფლიქტის ფაქტობრივი მხარე

დღეს მსოფლიო საინფორმაციო სააგენტოები, სიმოკლის მიზნით, ერთ წინადადებაში ატევენ აგვისტოს კონფლიქტის არსს: რუსეთმა შეაჩერა საქართველოს თავდასხმა სამხრეთ ოსეთზე. თავისთავად ეს დიპლომატიურ და უწყინარ ფრაზად  მოჩანს. მისი უკეთესი მხარე  კი ისაა, რომ მას არ აქვს პრეტენზია სამართლებრივად კორექტული ტერმინების გამოყენებაზე.

ევროკავშირმა 2008 წლის 2 დეკემბერს შექმნა „დამოუკიდებელი საერთაშორისო ფაქტების შემსწავლელი მისია საქართველოში კონფლიქტზე". მისიის მანდატს წარმოადგენდა კონფლიქტის წარმოშობისა და მიმდინარეობის ფაქტობრივი მხარის გამოძიება. დასკვნის შესავალ ნაწილში ხაზგასმით ნათქვამია, რომ მისია მოწოდებული იყო, შეესწავლა ფაქტები  და სამართლებრივი შეფასების კომპეტენცია მას არ ჰქონდა. თუმცა, ეს დასკვნა მსოფლიო პრესაში პოპულარული უმთავრესად მისი იმ ნაწილის გამო გახდა, სადაც მისია საერთაშორისო სამართალში ძალის გამოყენების ნორმებს სამართლებრივ შეფასებას აძლევს.

საერთაშორისო სამართლის ექსპერტებმა არაერთი სტატია გამოაქვეყნეს ტალიავინის დასკვნის იურიდიული შეფასებების უზუსტობებზე. მაგალითად, გაერო-ს ქარტიის 2.4-ე მუხლი ეხება ძალის გამოყენების აკრძალვას სახელმწიფოთა შორის. ტალიავინის დასკვნის „მიგნებად" უნდა ჩაითვალოს ამ მუხლის გავრცელება სამხრეთ ოსეთზე, რომელიც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი არ არის. თუ გავითვალისწინებთ მსგავს არაერთ საკამათო შეჯამებას, მისიის დასკვნა ჩვენთვის მნიშვნელოვანად რჩება კვლავაც მისი ერთადერთი მანდატიდან გამომდინარე _ კონფლიქტის ფაქტობრივი მხარის გარკვევა.

ძალის გამოყენება

საკამათოდ რჩება, მართლაც ვის ჰქონდა ძალის გამოყენების უფლება და ვის _ არა.

გაერო-ს ქარტიის 2.4-ე მუხლის მიხედვით, ძალის გამოყენება იკრძალება სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. 2008 წლის აგვისტოში გაერო-ს ყველა წევრი სახელმწიფო სამხრეთ ოსეთს საქართველოს ნაწილად აღიარებდა. საქართველოს სამხედრო მოქმედებები სამხრეთ ოსეთში არ წარმოადგენდა რუსეთის წინააღმდეგ ქარტიის 2.4-ე მუხლის დარღვევას.

ტალიავინის დასკვნის ფაქტობრივი ინფორმაციით (Vოლუმე I, აბზაცი 16) მისია ადასტურებს, რომ დაქირავებულთა და მოხალისეთა შემოსვლა როკის გვირაბით აგვისტოს დასაწყისში დაიწყო და ასევე ამ დროისთვის რეგიონში უკვე იყო „მცირედი რუსული ჯარი" ("სომე ღუსსიან ფორცეს", Vოლუმე I, აბზაცი16), რომელიც არ წარმოადგენდა სამშვიდობო ჯარს. ეს ფაქტი უკვე წარმოადგენს გაერო-ს ქარტიის 2.4-ე მუხლის დარღვევას რუსეთის მიერ და უტოვებს საქართველოს თავდაცვის განუსხვისებელ უფლებას (გაერო-ს ქარტია, მუხლი 51).

სამშვიდობო ხელშეკრულებები

ძალის გამოყენების აკრძალვაზე, საერთაშორისო სამართლის ზოგადი ნორმის გარდა, საგულისხმოა, დაირღვა თუ არა საქართველოს ან რუსეთის მხრიდან იმ დროისთვის არსებული სამშვიდობო ხელშეკრულებები. რუსული სამშვიდობო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ორი საერთაშორისო სამშვიდობო ხელშეკრულების საფუძველზე: 1992 წლის ე.წ. სოჭის შეთანხმება, რომელიც სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის მოგვარებას ეხება და 994 წლის ე.წ. მოსკოვის შეთანხმება, რომელიც დსთ-ს მანდატით აფხაზეთში სამშვიდობოებს აგზავნიდა. სხვა სამხედრო ძალის შეყვანა კონფლიქტის ზონებში, რომელიც ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სამხედრო ძალებს არ წარმოადგენს, დასაშვებია მხოლოდ საქართველოს თანხმობით.

სოჭის შეთანხმება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაა, ერთ-ერთი მხარის მიერ მისი დარღვევის შემთხვევაში, ითვალისწინებს „შერეული საკონტროლო კომისიის" მიერ გამოძიების ჩატარებას და სხვა ზომების მიღებას მშვიდობის აღსადგენად. იგივე ხელშეკრულება პრეამბულაში განამტკიცებს გაერო-ს ქარტიის მნიშვნელობას კონფლიქტის მოგვარებაში.

როგორც აღვნიშნეთ, რუსეთს უკვე ჰყავდა რეგიონში დამატებითი ჯარი შეყვანილი, გარდა სამშვიდობო ნაწილებისა. შერეული საკონტროლო კომისია უძლური აღმოჩნდა, შეეჩერებინა სამშვიდობო ხელშეკრულების ეს საშიში დარღვევა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სოჭის ხელშეკრულებით არ შეუცვლია არც გაერო-ს ქარტიის ძალის გამოყენების ნორმების მოქმედება რეგიონში, და არც სამხრეთი ოსეთი უღიარებია ცალკე ერთეულად მისი სუვერენიტეტის გარეთ.

შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველო უკვე იყო კანონიერი ძალის გამოყენების მდგომარეობაში რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრამდე 2008 წლის 8 აგვისტოს.

მიუხედავად ზემოთ თქმულისა, ჩავთვალოთ, რომ საქართველომ უკანონოდ დაიწყო ცხინვალზე იერიში. საინტერესოა, ჰქონდა თუ არა რუსეთს ამ შემთხვევაშიც კი შემოჭრის უფლება.

მოქალაქეთა დაცვა

რუსეთის მიერ მოქალაქეთა დაცვის მიზნით ძალის გამოყენება არ შეესაბამება გაერო-ს ქარტიის 2.4-ე მუხლს. გაერო-ს შექმნის შემდეგ ეს არგუმენტი არ ხვდება ძალის გამოყენების გამართლებათა შორის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობამ მრავალჯერ დაგმო ამ მიზეზით ძალის გამოყენების გამართლება, და მიუთითა, რომ მოქალაქეთა დაცვა შესაძლებელია მხოლოდ დიპლომატიური და საკონსულო საშუალებებით  _  მოლაპარაკებების ან საერთაშორისო სასამართლოების გზით.

რუსეთს შეეძლო მოეხდინა თავისი მოქალაქეების ევაკუაცია, მათ შორის _ თავისი სამშვიდობო ჯარის. რუსეთის უკანონო ნაწილები ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენდა ქართული ჯარისთვის. მათთან ერთად ან სიახლოვეს მყოფი სამშვიდობოების დაღუპვა მხოლოდ ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამისად შეიძლება შეფასდეს, რასაც კავშირი არ აქვს ძალის გამოყენების სამართალთან.

ასევე, ტალიავინის დასკვნა ამბობს, რომ ორივე რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებმაც რუსული მოქალაქეობა „პასპორტიზაციის" (Vოლუმე I, აბზაცი 12) გზით შეიძინეს, საქართველოს მოქალაქეებად რჩებიან. თუმცა, შეთანხმებისამებრ, შეგვიძლია უარი ვთქვათ დასკვნის ამ არგუმენტზე, როგორც სამართლებრივ შეფასებაზე.

გენოციდი და ჰუმანიტარული ინტერვენცია

რუსეთმა საქართველოს შემოჭრის ერთ-ერთ გამართლებად მიმდინარე გენოციდის დანაშაული დაასახელა. რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 7 აგვისტოს შემდეგ ქართველმა სამხედროებმა 2000 ადამიანი მოკლეს. რუსეთის ხელისუფლებამ ეს ციფრი შემდგომში 162 ადამიანამდე შეამცირა (VOLUME, აბზაცი 27).

მნიშვნელოვანია, რომ გენოციდის დანაშაულის შემადგენლობის უმთავრესი ელემენტია _ კონკრეტული რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა ჯგუფის სრული ან ნაწილობრივი განადგურების განზრახვა. თუ კვლავაც ტალიავნის დასკვნის მხოლოდ ფაქტობრივ მხარეს ვენდობით, გენოციდის განზრახვა ქართული ჯარის მხრიდან არ დადასტურდა არანაირი შესაძლო გზით (VOLUME, აბზაცი 27).

მეორე მიზეზი, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კონტექსტში, იყო ჰუმანიტარული ინტერვენციის უფლება.

რუსეთის ხელისუფლება, ჰუმანიტარული ინტერვენციის მოტივით, კოსოვოში ნატო-ს ჯარის შეჭრის დროს იმ სახელმწიფოთა გვერდით დადგა, რომლებმაც უარყვეს ასეთი უფლების არსებობა. რადგან გაერო-ს წევრ ქვეყანათა უმრავლესობამ უარი თქვა ჰუმანიტარული ინტერვენციის უფლების აღიარებაზე, ეს უფლება ვერ ჩამოყალიბდა საერთაშორისო ჩვეულებით სამართლად და არ წარმოადგენს სამართლებრივი ძალის მქონე ნორმას. შესაბამისად, რუსეთმა აგვისტოს ომი გაამართლა მის მიერვე დაგმობილი არარსებული უფლებით.

ტალიავინის დასკვნა ნაკლებ მიზეზს გვაძლევს, ვამტკიცოთ ქართული მხარის ბრალეულობა ძალის გამოყენების ნორმათა დარღვევაში. საინტერესოა, რომ სწორედ ეს ასპექტი გახდა, და არა კონფლიქტის ორივე მხარის მიერ ომის წარმოების სამართლის (საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი) დარღვევა,  იმ არგუმენტების მთავარი წყარო, რომლებითაც  საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებენ მსოფლიო პრესასა თუ პოლიტიკურ დისკუსიებში.

ვახტანგ  ჯანეზაშვილი, ერასმუსის უნივერსიტეტი, როტერდამი

მეტი

  • ზაზა დობორჯგინიძე

    "მოდური" ათეიზმი?

    ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ძალადობს უმცირესობებზე, ებრძვის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და  პერმანენტულად ეწევა საკუთარი ძალაუფლების ექსპანსიას ცხოვრების ყველა ასპექტში. იმის დასამტკიცებლად,...

  • ვაკო ნაცვლიშვილი

    კადიში არდაბადებულ ქათამზე

    ახალგაზრდა კაცმა უმწიფარი და ბავშვური სისასტიკით მოკლა ქუჩის ძაღლი. სათვალთვალო კამერა იწერს, სამი მეგობარი როგორ ტოვებს შემთხვევის ადგილს. მთავარი გმირი ხელს დაიფერთხავს: მოიშორებს სისხლის...

  • ზურა ჯიშკარიანი

    ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში

    რამაზ კინგკონგი ჩემი უსაყვარლესი დრაგმეითი იყო. და თუ ბუნებაში არსებობს ცნება ქართული ოცნება, რამაზ კინგკონგი ამ ცნების სრული ოპოზიტი იყო, ნამდვილი ქართული კოშმარი: სომეხი, ბარიგა და გეი. პლუს...

მეტი