09.06.2013

სირცხვილის გარეშე

იმპერიალიზმთან ბრძოლის ყველაზე უტყუარი გზა არაძალადობაზე და არა-იმპერიალიზმზე გადის.  ამის მაგალითი ძალიან ბევრი ბოლოდროინდელ მსოფლიო ისტორიაში.  განდის მიერ წარმოებულმა „სატიაგრაჰამ“ დაანგრია მსოფლიოს უდიდესი იმპერია და ის თანამეგობრობად გარდაქმნა.  ნელსონ მანდელას ბრძოლამ დაამარცხა ერთ-ერთი ყველაზე მონსტრული აპარტეიდის რეჟიმი და დემოკრატია მოიტანა.  ვაცლავ ჰაველის არაძალადობრივმა ბრძოლამ საბჭოთა ოკუპაცია დაასრულა ჩეხეთის რესპუბლიკაში.  მერაბ კოსტავას და კიდევ 4 ათასი ქართველის გმირულმა მაგალითმა 1989 წლის 9 აპრილს დაშალა საბჭოთა იმპერია.  

აღმოსავლეთ ევროპაც ამ გზით გათავისუფლდა.  

იარაღს ყოველთვის დამარცხება მოაქვს - იმპერიალიზმსაც.  არ არსებობს არც ერთი შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში, სადაც იმპერიები კარგად ასრულებენ საკუთარ არსებობას.  და მით უმეტეს, თუკი პატარა ერი გადაწყვეტს იმპერიული თამაშის წესებით მოქმედებას.  

საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის ოკუპაციაში არანაირი თვალსაზრისით არ არის გამართლებული.

ეს არ არის გამართლებული მორალური და ეთიკური თვალსაზრისით, რადგან თვითონ ოკუპირებულ ერს არ ეკადრება სხვის სამშობლოში შესვლა შეიარაღებული ძალით და მით უმეტეს ყოვლად უზნეოა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი „მოკლულების“ რაოდენობას ითვლის საჯაროდ.  ეს სრულიად ბარბაროსული საქციელია.  სხვა ქვეყნის ოკუპაციაში მონაწილეობის მიღება არც 1979 წელს იყო გამართლებული საბჭოთა „ინეტრნაციონალური ვალის მოხდის“ ლოზუნგით და არც დღეს არის გამართლებული „ტერორიზმთან ბრძოლის“ საფარქვეშ.  ორივე შემთხვევაში ეს არის ტყუილი და მკვლელობის პროპაგანდა.   ყველა ის ადამიანი ვინც ტოლობის ნიშანს ვერ სვამს ოკუპაციებს შორის, ძალიან შორს არის საკუთარი სინდისისგან და უკეთეს შემთხვევაში თავს იტყუებს.

ავღანეთის ოკუპაციაში მონაწილეობა არ არის გამართლებული „რეალპოლიტიკის“ პრაგმატული ხედვითაც - ამ ოპერაციაში ასეთი დიდი კონტიგენტით მონაწილეობისთვის ჩვენ ნატოში გაწევრიანების გზა არ გვიჩქარდება და ეს არამც და არამც არ გვეხმარება რუსული ოკუპაციის შედეგების ნეიტრალიზებაში.  ამავე დროს, საქართველო სულ უფრო მეტ ახალ მტერს იჩენს, მათს შორისაა „კავკასიის ემირატი“, ვაჰაბიტების სხვადასხვა ცენტრები, „ალ ქაიდა“, თალიბები და ასე შემდეგ. პრაგმატული თვალსაზრისით ამ ომში ასეთი შემართებით მონაწილეობა არანაირ მოგებას არ იძლევა და მხოლოდ ახალგაზრდა ჯარისკაცებს სიცოცხლეს გვაკარგვინებს.  საქართველოში ეკონომიკური კრიზისია და საცოდაობაა რომ თანხების დიდი ნაწილი სწორედ ამ უაზრო ომში წავიდეს.

ამ ოკუპაციაში მონაწილეობა სრულიად გაუმართლებელია „იდეალპოლიტიკის“ თვალსაზრისითაც, რადგან ეს ომი ძირშივე ეწინააღმდეგება ვუდრო უილსონის მთავარ პრინციპებს საერთაშორისო პოლიტიკაში, „რომ ძლიერი უნდა იყოს სამართლიანი და სუსტი დაცული.“  

ეს ომი არანაირ რაციონალურ ჩარჩოებში არ ჯდება.  ვაჰაბიტების ცენტრები დიდი ხანია რაც საუდის არაბეთიდან იმართება - საუდის არაბეთი გახლავთ ისე ადგილი საიდანაც ფინანსდება უამრავი მედრესე და მეჩეთი, ან რომელიმე სამხედრო ბანაკი, სადაც ტერორისტები სამხედრო წვრთნას გადიან.  ჩვენს ქვეყანაში „ინვესტორად“ შემოსულ აბუ დაბის შეიხსაც უკავშირებენ თალიბანთან ვაჭრობას, რის გამოც მას ამერიკაში აღარ უშვებდნენ.

სააკაშვილის ადმინსტრაციის წევრებს გადაწყვეტილი აქვთ სინდისის გარეშე გაიარონ ეს ომიც და როგორც ეტყობა ცხოვრებაც.  მაგრამ, მინდა ვუთხრა მათ:  არ გამოვა!  

საკუთარი ბედნიერების აგება სხვის სისხლზე შეუძლებელია.  

დროა ქართული ჯარი გამოვიდეს ავღანეთიდან და საკუთარი ქვეყნის მართლა აღმშენებლობას მიხედოს!

ეს ბევრად სჯობია უდანაშაულო ქალების და ბავშვების ჟლეტას და პასუხად თვითმკვლელი ტერორისტის მიღებას.

 

მეტი

მეტი