31.12.2012

საახალწლო "ზღაპარი"

მამუკა მაღულარია  (photo: )
მამუკა მაღულარია

იგორ აბულაძეს

 

ისევე როგორც ხელოვნების სხვა სფეროებში, როკ-მუსიკაშიც ყოველი წლის დასასრული და ახლის დადგომა ერთგვარ მოვლენად გადაიქცევა ხოლმე. სხვადასხვა დაჯილდოების გარდა, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და ისტორიულიც კი, მუსიკოსებისათვის "როკ-ნ-როლის დიდების დარბაზში" მოხვედრაა. ამ ვირტუალურ "პარნასში", მათ თავად კოლეგა-მუსიკოსები წარადგენენ ხოლმე, 25 წლიანი კარიერის თავზე. ორგანიზაციის შტაბ-ბინა და მუზეუმი კლივლენდში - ოჰაიოს შტატშია განთავსებული. ფონდი კი 1986 წლიდან მუშაობს და დღეისათვის "დარბაზში" 200-ზე მეტი სახელია წარმოდგენილი. 

ასე იყო გასული წლის ბოლოსაც. ბევრი რომ არ გავაგრძელო, აი გამარჯვებულთა ჩამონათვალიც: ალბერტ კინგი, რენდი ნიუმენი, დონა სამერი, ლუ ადლერი, ქუინსი ჯონსი, რეპ-ჯგუფი "პაბლიკ ენემი", კანადური "რაში" და დები უილსონების ანსამბლი "ჰარტ". ჰოდა, ეს ჩემი საახალწლო "ზღაპარიც" ამ "ჰარტსა" და ახალ წელზე უკავშირდება (რომელიც, სხვათაშორის სრული სიმართლეა და მათ, ვისაც სასწაულების არა სწამს მოუწევთ ამ ამბის დაჯერება)...

ასე, 90-იანების დასაწყისი იქნებოდა. გარეთ თოვდა და ციოდა. შუქი და გათბობა დიდი ფუფუნება იყო. ახალი წლის ღამე ახლოვდებოდა. ჩვენს ოჯახშიც, საზეიმო განწყობილება სუფევდა. პირადად მე, ყველაზე ძალიან ჩემი მეგობრის სტუმრობა მახარებდა - უფრო კონკრეტულად კი ის რიტუალი, რომელიც უნდა განგვეხორციელებინა. ეს აქტი, კოლექციონერებისათვის ყოველთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო ხოლმე. ერთი სიტყვით, მე და იგორ აბულაძეს ფირფიტები უნდა გაგვეცვალა.

იგორა, "კინგ ქრიმსონის" დიდი ფანი იყო. აგროვებდა ყველაფერს რაც ამ ლეგენდარულ ჯგუფს და მის ლიდერს, გენიალურ გიტარისტს - რობერტ ფრიპს უკავშირდებოდა. ბოლოს, თვითონაც პროფესიონალი გიტარისტი გახდა: უკრავდა ხან "ბლიკში", ხან "ბლუზ მობილში" და ხან კიდევ სად...

მე არსად არ ვუკრავდი, მაგრამ "ლედ ზეპელინის" არანაკლები ფანი ვიყავი. მეც ყველაფერს ვაგროვებდი ამ ჯგუფის გარშემო. მოკლედ, ორივეს ჩვენ ჩვენი ფავორიტი მუსიკოსების ყველა ფირფიტა უკვე გვქონდა და ახლა ამ სიკეთის შევსებას, დამატებითი მასალით ვცდილობდით. 

სწორედ იმ ზამთარს, ტოია უილკოქსის ფირფიტა ჩამივარდა ხელში, (როგორც მოგვიანებით იგორამ მითხრა, ეს ქალბატონი თურმე რობერტ ფრიპის ცოლი ყოფილა) მაგრამ ეს ჩანაწერი მაინცა და მაინც არ მომეწონა და მისი გაცვლა გადავწყვიტე. ზუსტად იმავე დროს, იგორასაც მსგავსი განზრახვა გასჩენია, ჩვენში ნაკლებად ცნობილი "ჰარტის" ფირფიტის გამო. ამ "ჰარტმა" კი იმით დამაინტერესა, რომ ესენი ერთმა ჟურნალმა "ლედ ზეპელინს" შეადარა - უწოდა რა მათ "მდედრობითი ზეპელინი"! ჰოდა "კონსენსუსსაც" უმტკივნეულოდ მივაღწიეთ. 

მოკლედ, როგორც იქნა ჩემი სტუმარიც გამოჩნდა. ღვინო ჩამოვასხით და ჩემს ოთახში დავსხედით. დავილოცეთ და დიპლომატები რომ ცვლიან დოკუმენტებს, ჩვენი ფირფიტებიც ეგრე გადავეცით ერთი მეორეს. სანთლის შუქზე, ყდების თვალიერებით გული რომ ვიჯერეთ, მეორე სადღეგრძელოც დაიბადა. ჰოდა, დამდეგი ახალი წლისა ვთქვით და სურვილების ასრულება ვუსურვეთ ერთმაანეთს, თან - დღეს ჯადოსნური ღამეა და რასაც ჩაიფიქრებ აუცილებლად აგისრულდებაო - ვიმეორებდით. ის-ის იყო ჭიქები გამვცალთ, რომ უცებ შუქი მოვიდა და იგორამ აღტაცებით წამოიძახა: "უხ, რა ქალია! ერთი მაგისთვის მაკოცნინა!", თან ტოიას დისკს თვალს არ აშორებდა. კიდევ რა გინდა-მეთქი?, გავეხუმრე. არც აცია და არც აცხელა - მთელი სერიოზულობით გამომიცხადა: ფრიპთან მინდა დაკვრაო... 

დარწმუნებული ვარ, ერთი ჩვეულებრივი თბილისელი ადამიანის - იგორ აბულაძის სახელი, ჩვენში არავის არაფერს ეუბნება, მისი მეგობრების გარდა. მასთან ინტერვიუ შარშან დაიბეჭდა და აქ აღარ მოვყვები თუ როგორ მოხვდა ამერიკაში, რა გზა გაიარა და როგორ გახდა რობერტ ფრიპის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე. დაბოლოს, როგორ შევიდა ის, ტოია უილკოქსის ჯგუფ - "ადამიანების" შემადგენლობაში, სწორედ ტოიას მეუღლის - რობერტ ფრიპის რეკომენდაციით.

"ადამიანები" ტოიას და ფრიპის ერთ-ერთი უკანასკნელი პროექტია. ისინი უკიდურესად ეკლექტურ, ექსპერიმენტულ მუსიკას უკრავენ. ესენი არიან: ტოია - ვოკალი, მულტიინსტრუმენტალისტები ქრის ვონგი და ბილ რიფლინი (თანამშრომლობდა ამერიკულ ჯგუფ "რ.ე.მ."-თან). დისკებზე გიტარისა და სინთეზატორის პარტიებს თვითონ რობერტ ფრიპი წერს. ცოცხალ კონცერტებზე კი მის ადგილს სცენაზე, იგორ აბულაძე იკავებს.

ერთი სიტყვით, კოცნის არ ვიცი, მაგრამ იმ ახალი წლის ჯადოსნური ღამის ნატვრა, იგორას როგორ აუსრულდა, თვითონ დარწმუნდებით (იხ. აფიშა და ვიდეო). როგორც იტყვიან: ღმერთმა ყველას ასე აგიხდინოთ ოცნება და აქვე ახალ წელსაც მოგილოცავთ!

 

მეტი

  •  (photo: ) მამუკა მაღულარია

    სამყაროს აღსასრული ედემის ბაღში

    რობერტ პლანტის, ფილ კოლინზისა და სხვების გამოსვლები ნამდვილად სასიამოვნო იყო მაგრამ, სენსაცია კონფერანსიეს ანონსმა გამოიწვია, რომელმაც მოწიწებით გამოაცხადა: სცენაზე ვთხოვთ ლეგენდარულ ჯგუფს,...

  •  (photo: ) მამუკა მაღულარია

    მეფე კავკასიაში

    თუ არ ვცდები, 1978 წელი უნდა ყოფილიყო. როგორც მაშინდელი ბავშვების უმრავლესობას, ჩემი მშობლები მეც, ყველანაირ შესაძლო "წრეზე" მატარებდნენ - პიონერთა სასახლეში. ჰოდა, იმ დილას ეგრე შევეჩეხეთ...

  •  (photo: ) მამუკა მაღულარია

    12-12-12

    კონცერტი დილამდე გაგრძელდა. დარბაზში მყოფი მაყურებლის გარდა, ის პირდაპირ ტელე, რადიო და ინტერნეტ (YouTube) ეთერში  2 მილიარდმა ადამიანმა იხილა. ბილეთებიდან ამონაგების გარდა, შემოწირულმა თანხამ,...

  • Rock band Led Zeppelin, from left, keyboardist/bassist John Paul Jones, singer Robert Plant, guitarist Jimmy Page, stand as the Star Spangled Banner is played during the Kennedy Center Honors Gala at the Kennedy Center in Washington, Sunday, Dec. 2, 2012. (photo: ) მამუკა მაღულარია

    ცეპელინი ვაშინგტონის თავზე

    "თავისი ჩანაწერებით "ლედ ზეპელინმა", ახალგაზრდობის მთელი თაობები იხსნა კრიზისისაგან. დღესაც კი, ჯონ ბონემის გარდაცვალებიდან 32 წლის შემდეგ, ჯგუფის მემკვიდრეობა კვლავაც განაგრძობს სიცოცხლეს. ჩვენ...

  • ზურაბ ვარდიაშვილი

    ეს უკვე სასაცილო აღარ არის

    მაგრამ, როდესაც შესაბამისი ფაქტები და მოვლენები საგულდაგულოდ დავსერჩე, თანამიმდევრულად დავალაგე და გავაანალიზე (უკაცრავად, ჩავაანალიზე) ჰოი ბიჭო, თავდაპირველი განწყობის შენარჩუნებას სულაც არ...

  • გური სულთანიშვილი

    ნეიტრალური პოზიცია

    განვიხილოთ ჟურნალისტური ე.წ. მიუკერძოებელი, ობიექტური საქმიანობა, რომელსაც ნეიტრალური პოზიცია აქვს. ეს ნიშნავს, რომ იგი სიცრუესა და ჭეშმარიტებას შორის დგას და ორივეს ერთნაირი ეთიკური წონით აშუქებს....

  • ანა დოლიძე

    იანგული ისევ დაბრუნდა

    ქართული ზაფხული კამიუს ალჟირული ზაფხულივით მესამე მსოფლიოს ზაფხულია. მესამე მსოფლიოს ერთ-ერთი მახასიათებელი ხომ ადამიანის ფიზიკური უსაფრთხოების დაუცველობა და ტრაგიკული სიკვდილის ყოველდღიურობაა.

მეტი

ამავე ავტორისგან